Wednesday, May 25, 2011

ხელოვნება


ხელოვნება 


ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.



ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.

შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.

No comments:

Post a Comment