Sunday, May 29, 2011

ძველი თბილისის ხედები
















ჯარჯი ბალანჩივაძე


ჯარჯი ხომ ძალიან ცოცხალ და საყვარელ მცენარეებს ხატავს, რაც ძალზე რთული გასაკეთებელია თვით ძალიან დიდი პროფესიონალისათვის. მე საათობით ვაკვირდებოდი მის მცენარეთა ყლორტებს, ფოთლებს, და მე მგონი, რაღაც ვისწავლე – ასე მგონია.
გია ბუღაძე

ჯარჯი ბალანჩივაძე – პიანისტი, საქართველოს კამერული ორკესტრის ,,ორფევსის” სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი – დაიბადა 1941 წ. თბილისში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; თსუ-ის ლექტორი. არის ა/კ მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი; საქართველოს კულტურის სამინისტროს I პრემიის ორგზის ლაურეატი კომპოზიციაში. გამართული აქვს მრავალი სოლოკონცერტი; სურათების გამოფენები თბილისში, სომხეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები თბილისსა და გერმანიაში. დაჯილდოებულია ,,ლისტის მედლით” (უნგრეთი 1991), არის რადეფორვალდეს საპატიო მოქალაქე (1996).

გიგო გაბაშვილი


გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი დაიბადა 1862 წლის 9 ნოემბერს (21 ნოემბერი), თბილისში. 1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფ. რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 1886-1888 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ბ. ვილვალდესთან, 1894-1897 – მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898 იყო იტალიაში და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888-იდან. 1891 თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა.

გაბაშვილის შემოქმედების აყვავების პერიოდია XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი წლები. მისი, როგორც შემოქმედის, ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მხრივ, ქართველ სამოციანელთა მოწინავე იდეებს, მეორე მხრივ, – XIX საუკუნის II ნახევრის რუსულ რეალისტურ მხატვრობას. გაბაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა საბოლოოდ ევროპული მხატვრობის ფორმები ჩვენში, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა.

გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მტავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა (ილ. ჭავჭავაძე, 1907-1908; ა. წერეთელი, 1913; გრ. ორბელიანი, 1913; ყველა საქართველოს მწერალთა კავშირის კავშირის სახლი; ავტოპორტრეტი, 1932; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; მომღერალი ფილიმონ ქორიძე გუდალის როლში, 1902-1905, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი); არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები (“უცნობი ქართველი თავადი”, “გრძელულვაშებიანი თავადი”, ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; “სამი გენერალი”, 1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია). სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები (“მძინარე ხევსური”, 1898; “მთვრალი ხევსური”, 1899; “მთვრალი ხევსურები”, 1899, ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; “სამი მოქალაქე”, 1893, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა).

გაბაშვილი არის პიონერი ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობისა (“ალავერდობა”, 1899; “განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან”, 1904; “ბოსტანში”, 1891; “არხოტის დაცვა”, 1898-1901; ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), პეიზაჟისა (“წვიმის შემდეგ”, 1891, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), ნატურმორტისა. ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი (“ბაზარი სამარყანდში”, 1894; “დივანბეგის აუზი ბუხარაში”, 1895, ორივე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).
“ბაზარი სამარყანდში”, 1894 – 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის ქრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.
აბაშვილმა ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა მხატვრობაში თანამედროვე ცხოვრების მიერ შთაგონებული ეროვნული თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრები განვითარებას ქართულ მხატვრობაში. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა.

გაბაშვილი ადრევე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1897 თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, 1990-იან წლებში ასწავლიდა “ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების” ხატვის სკოლაში (1901-იდან დირექტორი). ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი (1922).
გიგო გაბაშვილი გარდაიცვალა 1936 წლის 28 ოქტომბერს, ციხისძირში (ქობულეთის რაიონი). დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
  • ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
  • Беридзе В. В., Езерская Н. А., Искусство Советской Грузии. 1921-1970, М., 1975;
  • ბერიძე ვ., ქსე, ტ. 2, გვ. 603, თბ., 1977

georgian art

სანამ უცხოელებს გავიცნობთ ქართველები ვნახოთ შემოგთავაზებთ ქართველ მხატვრების შემოქმედებაs
ოსკარ შმერლინგი

ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, პედაგოგი ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი დაიბადა 1863 წლის პირველ ივლისს თბილისში, სამხედრო მოხელის ოჯახში. რადგან კარიკატურისტი მხატვრის მახვილი თვალი და მწვავე იუმორი ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა და მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის უმთავრეს და ყველაზე ნაყოფიერ სფეროდ კარიკატურა იქცა, ამიტომაც იწყებს ავტობიოგრაფიას მისთვის ჩვეული იუმორითა და ხალისით შემდეგი სიტყვებით: დავიბადე 1863 წლის 1 ივლისს ცალ ხელში კარანდაშით, ხოლო მეორეში, მათრახით”(ჟურნალი “ეშმაკის მათრახი”,1916 წ. ), აი ამ დღიდან კარანდაში და მათრახი შეიქნა ჩემი განუყრელი მეგობარ-თანაშემწენი საყვარელი სამშობლო კუთხისათვის ’’დიდად სასარგებლო მოღვაწეობის” დროს”.

ოსკარ შმერლინგი მთელ ამიერკავკასიაში და მის ფარგლებგარეთაც კარგად ცნობილი ხელოვანი იყო. თავად მხატვარი თავს ქართველ მხატვრად თვლიდა. მისი ქალიშვილი რენე შმერლინგი იგონებს: “ჩვენ, შმერლინგები, მკვიდრი თბილისელები ვართ… მამაჩემი ქართველი მხატვარი იყო…”

სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, თუმცა დიდი სიბეჯითით არ გამოირჩეოდა: “ვსწავლობდი ძლიერ ცუდად. როცა ცალ ხელში კარანდაში გიპყრია და მეორეში მათრახი, განა შესაძლებელია მათემატიკამ გაგიტაცოს?” განსაკუთრებით “შეჰყვარებია” V კლასი, სადაც “სრულიად გაუჭირვებლად დაყო სამი ბედნიერი წელი” (მოკლედ,VI კლასამდე ძლივს მიუღწევია).


1933 წელს მხატვრის მოღვაწეობის 40 წლისთავი აღინიშნა. ქართველმა მწერლებმა: შალვა დადიანმა, სანდრო შანშიაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა დიდი შეფასება მისცეს მის შემოქმედებას და ქართული კარიკატურის პიონერი უწოდეს.
40 წელი ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკას. უამრავი კარიკატურით, სახელოვან მამულიშვილთა მეგობრული შარჟებით, მხატვრულ ნაწარმოებთა ჩინებული ილუსტრაციებითაა დამშვენებული ქართული თუ კავკასიის სხვა დიდი ქალაქების ჟურნალ-გაზეთები, სასკოლო სახელმძღვანელოები თუ მხატვრულ ნაწარმოებთა კრებულები.ოსკარ შმერლინგი 1938 წელს გარდაიცვალა.
მხატვრის ნამუშევრები ინახება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სახელმწიფო ისტორიუ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კერძო კოლექციებში.
წყარო: ქართველ და უცხოელ ხელოვანთა ელექტრონული ცნობარი,