Wednesday, June 1, 2011

პაბლო პიკასო



სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.



10-იანი წწ. შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში „აპერატივის ბოთლი“, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის „სამი მუსიკოსი“, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა „სამი ქალი წყაროსთან“, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. 10-იანი წწ. დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები „მეთევზე“, ფანქარი, 1919, „გლეხები დასვენების დროს“, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან „ცეკცა“, 1925, კერძო კუთვნილება; „ქალი პლაჟზე“, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.
30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო „მტირალი ქალი“, 1937, პენროუზის კორექცია, ლომდონი; „კატა და ჩიტი“, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: „გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე“ აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო „გერნიკა“ 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. 1944-იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: „მშვიდობის მტრედი“ ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; „ომი და მშვიდობა“ 1952, „მშვიდობის ტაძრის“ კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე „კაცი კრავთ“, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი „ადამიანური კომედია“, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.

პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. მხატვარმა რთული გზა გაიარა. იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.
1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.



რემბრანდტი

რემბრანდტი ჰარმენს ვან რეინ – ჰოლანდიელი ფერმწერი. დაიბადა 1606 წლის 15 ივლისს ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში.
რემბრანდტი 1626 წელს ბრუნდება ლეიდენში და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი წლები გამოცდილების დაგროვების პერიოდია. იგი ხატავს ყველაფერს რაც მის გარშემოა,რათა ჩაწვდეს ფორმათა და ფერთა საიდუმლოებას. მართალია, პირველ პერიოდში მის ნახატებში და ოფორტებში იგრძნობა მასწავლებლის ხელი, მაგრამ თანდათანობით იგი იმუშავებს საკუთარ ხელს, ეძებს საკუთარ გზას. იმ დროს ჰოლანდიაში რემბრანდტის კიდევ ერთი თავისებურება გამოვლინდა. ესაა ჩრდილ-სინათლის, ნათელ-ბნელის გამოყენება ისე, როგორც მანამდე არავის გამოუყენებია. საგნისთვის ფორმის მისაცემად და მასში, მთავარის, ძირითადის გამოსავლენად, მხატვარი ქმნის საკუთარ გარემოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად აამეტყველოს, ის რაც მის წინაა, მხატვარი ამეტყველებს იმას, რაც გამოსაყოფია. იმიტომაცაა რემბრანდტის ნახატებში განათება ყოველთვის აქტიური, „მოქმედი“. ეს მეთოდი იმდენად რემბრანდტისებურია, რომ იგი მის ყოველ სახის ნახატში გვხვდება, ეს იქნება ზეთისფერით შესრულებული თუ გრაფიკული.

რემბრანდტმა მალე ისე გაითქვა სახელი რომ მის მასშტაბს ლეიდენი უკვე არ ყოფნის და 1631 წელს იგი გადადის ამსტერდამში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა. იგი აღმოჩნდა ქვეყნის ცენტრში, დამსწრე და მნახველი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაფურჩქვნისა. აქვე უნდა დავსძინოთ, რომ არა მარტო იგი იყო ქვეყნის ცენტრში, არამედ თვითონ წარმოადგენდა ხელოვნების ცენტრს, რომლითაც ქვეყანა სუნთქავდა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრება არ მიმდინარეობდა სწორხაზოვნად, ერთნაირი ძალით, არამედ თითქოს ტალღებზე იჯდა. XVII საუკუნის 20-30-იანი წლები ის წლებია, როდესაც ქვეყნის ახალმა მეპატრონემ, კაპიტალისტმა, როგორც კი თავი მბრძანებლად იგრძნო, განეწყო განდიდებისათვის . ძველი ფეოდალი თავისი წინაპრებით ამაყობდა. ახალ წარმომადგენელს კი საამაყო წინაპრებში არავინ ჰყავდა. დინასტიის დამწყები თვითონ იყო, მომავალ თაობებს მისით უნდა ეამაყათ. ამ საქმის დასაწყისად მათ საკუთარი, თუ საოჯახო პორტრეტები მიაჩდათ. დიდსა თუ პატარა ვაჭარს, ხელოსანს მედუქნეს, ახლა ხელოვნების დაპყრობა მოუნდა.

30 იანი 40-იანი წლები
პორტრეტულმა ჟანრმა ამ პერიოდში ისეთი გაქანება მიიღო, რომელიც მას მანამდე არასოდეს არ ჰქონია. განთქმულ პორტრეტისტს ჰალსს, გვერდში ამოუდგა რემბრანდტი და გაასწრო კიდევაც. ამ ჟანრიდან, შესამჩნევი ნაწარმოებია „სწავლულის პორტრეტი“ (1631.წ.). სურათზე გამოსახულია შუახნის ადამიანი რომელიც მისთვის ჩვეულ გარემოშია. წერს, მუშაობს, იღვწის და ერთ წუთით თვალს აშორებს ქაღალდს, რათა აზრი მოიკრიბოს და ლოგიკური გამოსახულება მისცეს ნაფიქრს. მუქ ფონზე სამი რამ არის გამოყოფილი: სახე, ხელები და ქაღალდი. მისი თვალები ოდნავ დაღლილია, ხელები წლებს დაუღარავს. ფაქტიურად, მხატვრის შემოქმედებაში ამ პორტრეტში პირველად ვხვდებით სიუჟეტურ მოქმედებას, მომდევნო პერიოდში ეს მხარე გახდება მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელი.







მიქელანჯელო ბუანაროტი


 






მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ კაპრეზში (ახლანდელი პროვინცია არეცო), ფლორენციის მახლობლად. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში , ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, "კენტავრების ბრძოლა" და "მადონა კიბესთან".
ლორენცოს გარდაცვალების შემდეგ, ფლორენციის ახალმა მმართველმა, პიერო მედიჩიმ უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. 1492 წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი ბოლონიაში. 20 წლის მიქელანჯელო მიიღო ალდოვრანდის ოჯახის ერთერთმა წევრმა, რომლის დავალებითაც მან წმინდა პეტრონიუსის ეკლესიაში, წმინდა დომინიკუსის სამარხისათვის, ორი წმინდანის ფიგურა და ერთი ანგელოზის ქანდაკება შექმნა. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა ხელოვნებამ ბოლონიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მიქელანჯელო სავონაროლაში დაბრუნდა.