Monday, May 30, 2011
რაფაელი
რაფაელი (სრულად რაფაელი სანტი (სანციო) რენესანსის ეპოქის იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი იყო. რაფაელის მამას ერქვა ჯოვანი სანტი, რომელიც ქალაქ ურბინოში ჰერცოგ გვიდობალდო და მონტეფელტროს რეზიდენციაში დიდ როლს თამაშობდა, იგი იყო ხელოვნებისა და გართობის მინისტრისმაგვარი. ამის გარდა ურბინოს ნიჭიერ ახალგაზრდა მოქალაქეებს მხატვრობას ასწავლიდა. რაფაელი ჯერ კიდევ 6 წლის იყო, როდესაც კარგად ხატავდა, ხატვას კი მამა ასწავლიდა. რაფაელის დედა იყო მაჯა სანტი. რაფაელის დედა ურბინოში კარგად ცნობილ ძველ ვაჭართა ოჯახიდან იყო. რვა წლის რაფაელი ერთ მზიან დღეს მამამისთან ერთად სან-ფრანჩესკოს ეკლესიისაკენ გაემართა, სადაც ჯოვანი სანტი ფრესკებს ხატავდა. იგი სერიოზულად, თავმომწონედ მიჰყვებოდა მამას და თან ფუნჯები და საღებავები მიჰქონდა პატარა ქოთნებით. სახის ასეთი გამომეტყველება უცნაური ჩანდა იმიტომ, რომ რაფაელს გოგონასავით ლამაზი სახე ჰქონდა. ბიჭუნას ძალიან მოსწონდა მამის თანაშემწის როლი, ეკლესიის ბინდ-ბუნდიც მოსწონდა, სანთლისა და საკმევლის სუნით გაჟღენთილი ჰაერიც, ყოველივე ეს მამის საქმიანობისადმი პატივისცემის გრძნობით აღავსებდა და ფიქრობდა, რომ უთუოდ მამის გზას გაჰყვებოდა.
ერთხელ ურბინოში ჯოვანი სანტის ფრესკის სანახავად ჩასული იყო ცნობილი მხატვარი ლუკა სინიორელი. ამ ფრესკას სანტი ფრანცისკელების მონასტრის დაკვეთით ხატავდა. რაფაელი მხიარულად მიესალმა მამის მეგობარს, ცნობილ მხატვარს, ოდესღაც ურბინოში, რომ ცხოვრობდა და მუშაობდა. ჯოვანი მეგობარს ეკლესიაში დაატარებდა და აჩვენებდა თავისი მოწაფეების ნამუშევრებს. დღე შეუმჩნევლად მიიწურა. რაფაელმა რამდენიმე სურათიც დახატა ნახშირით. ისინი ეკლესიიდან მხიარული სიცილით წამოვიდნენ. რაფაელს დიდი სიფრთხილით მიჰქონდა თავისი ნახატები.
ჯოვანის პაპა და მამა წვრილ ვაჭრობას მისდევდნენ ქალაქის ახლოს, პატარა დაბაში. ოჯახის მთელ ავლადიდებას სახლი და დუქანი შეადგენდა. ჯოვანი სანტის სურდა, რომ რაფაელი მისი გზით წასულიყო, მაგრამ უნდოდა რომ მას უფრო საფუძვლიანი განათლება მიეღო, ამიტომ შვილი უახლოეს ლათინურ სკოლაში მიაბარა. ბედნიერ, შეხმატკბილებურ ოჯახში გაზრდილი, დამჯერი და წყნარი რაფაელი ხალისით ეუფლებოდა ცოდნას ლათინურ სკოლაში და ამავე დროს მხატვრობასაც სწავლობდა მამასთან. მაგრამ ყმაწვილმა გადაწყვიტა განათლება საკუთარი გეგმის მიხედვით მიეღო. მას მხატვრობაში მეცადინეობა სწყუროდა და ამიტომ ლათინური სკოლიდან სახლისაკენ ყოველთვის გამალებით მიეშურებოდა.
ადრიანი შემოდგომის ერთ დღეს, როცა ფოთლები ოდნავ შეყვითლებულიყვნენ სანტის ბაღში, რაფაელი არხებზე ხტომა-ხტომით მირბოდა და მხიარულ, უსიტყვო სიმღერას მიიმღეროდა. მან განიზრახა, რომ დაეწყო დედისა და იდონიის პორტრეტის ხატვა. როდესაც სახლში დაბრუნდა მას არავინ გამოეგება. ბაღში და ეზოში გამეფებულმა უჩვეულო სიჩუმემ განაცვიფრა იგი. შემდეგ მას კარები გაუღო ტირილისგან თვალებდასიებულმა იდონიამ. რაფაელმა ჩანთა კუთხეში მიაგდო და უხმოდ გავარდა ოთახისკენ. იდონიამ მკლავში ხელი ჩაავლო და გააჩერა. და უთხრა, რომ არ წასულიყო. თავზარდაცემული ბავშვი კარებში გაშეშდა. მან აცრემლებული მამამისი შეამჩნია. ჯოვანი სანტის დიდი კეთილი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, მან შვილი მკერდზე მიიკრა და უთხრა, რომ დედამისი გარდაიცვალა.
რაფაელის დედა მშობიარობას გადაჰყვა. სულ მალე რაფაელს ჩვილი და გარდაეცვალა. გოგონა დედასთან ერთად ერთ საფლავში დამარხეს. ჯოვანი სანტი სევდამ შეიპყრო. იგი სასოწარკვეთილი შეჰყურებდა ოდესღაც შესრულებულ მონახაზს, რომელზედაც მაჯა ეხატა პატარა რაფაელით ხელში. ეს ფრესკა დღემდეა შემონახული ურბინოში რაფაელის სახლმუზეუმში. რამდენიმე დღის შემდეგ ჯოვანიმ ცოლად შეირთო ოქრომჭედელი პიეტრო და პარტეს ქალიშვილი. რაფაელი გულთბილად შეხვდა დედინაცვალს. წლების განმავლობაში ჯოვანი სულ უფრო და უფრო უძლურდებოდა. და ერთ დღეს, როცა რაფაელი 11 წლის იყო ჯოვანი სანტი გარდაიცვალა. სურვილის თანახმად, ჯოვანი სანტი ფრანცისკულ ეკლესიაში დაკრძალეს. პატარა რაფაელი სულ მარტო დარჩა დედინაცვლის ამარა. რაფაელმა მეცადინეობა გააგრძელა ახალგაზრდა მხატვართან ტიმოთეო დელა ვიტესთან, რომელიც ბიძამისის მეგობარი იყო. როცა რაფაელი 17 წლის გახდა მისმა ბიძამ და ტიმოთეომ გადაწყვიტეს, რომ რაფაელს მხატვრობის შესწავლა რომელიმე ცნობილ მხატვართან დაესრულებინა. მათ მასწავლებლად აირჩიეს ცნობილი მხატვარი პიეტო ვანუჩი, მეტსახელად პერუჯინო, რომელიც უმბრიის დედაქალაქ პერუჯაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 1500 წელს რაფაელი ჩავიდა უმბრიის დედაქალაქში. მისი ჩამოსვლის წელი ამ ქალაქისათვის ღირსსახსოვარი იყო. პერუჯინომ მალე შენიშნა ბიჭის დიდი ტალანტი. მასწავლებელსა და მოწაფეს შორის თავიდანვე მეგობრული დამოკიდებულება დამყარდა. პერუჯინოსთან მუშაობამ საგრძნობი გავლენა მოახდინა რაფაელის, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაზე.
გოგი ალექსი-მესხიშვილი
ალექსი-მესხიშვილი გიორგი (გოგი) ვლადიმერის ძე _ ფერმწერი, სცენოგრაფი. დაიბადა 1941 წლის 2 მარტს. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განყოფილების თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების სახელოსნო. 1971-95 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში ჯერ დამდგმელ მხატვრად, 1975 წლიდან _ მთავარ მხატვრად. 1986-95 წლებში საოპერო თეატრის მთავარი მხატვარი იყო. ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეჟისორ რ. სტურუასთან თანამშრომლობა. მათი ერთობლივი ნამუშევარია რუსთაველის თეატრში სუმბათაშვილის ”ღალატი” (1974), ბრეხტის ”კავკასიური ცარცის წრე” (1975) და ”სეჩუანელი კეთილი ადამიანი” (1993), კ. გოცის ”ქალი-გველი” (1998) და სხვა. საოპერო თეატრში _ გ. ყანჩელის ”და არს მუსიკა” (1984), ბიზეს ”კარმენი” (1999). რეჟისორ მ. თუმანიშვილთან ერთად დადგა მოლიერის ”დონ ჟუანი” (1981), შექსპირის ”ზაფხულის ღამის სიზმარი” (1993).
თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის ოპერაში (ჩიკამაცუს ”შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”, 1981). გააფორმა ფილმები ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” (1985); ”აშიკ-ქერიბი” (1988, ევროპის კინოს პრიზი ”ფელიქსი”). ალექსი-მესხიშვილი ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში. ეწევა პედაგოგიურ და შემოქმედებით მუშაობას. არის დარტმუთის კოლეჯის პროფესორი. ლონდონში 1992 წელს დადგა შექსპირის ”ჰამლეტი”, ვენეციაში 1998 წელს პუჩინის ”დაი ანჯელიკა” და რახმანინოვის ”ძუნწი რაინდი” (რეჟ. თ. ჩხეიძე). გერმანიაში _ გ. ყანჩელის ”და არს მუსიკა” 1999 წელს (რეჟ. რ. სტურუა), ვაშინგტონის შექსპირის თეატრში ”მეფე ლირი” 1999 წელს და ბუენოს აირესში ”ვენეციელი ვაჭარი” 1999 წელს (რეჟ. რ. სტურუა), ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ-ოპერაში პროკოფიევის ”მოთამაშე” 2000წ.
ალექსი-მესხიშვილის გამოფენები გაიმართა თბილისში (1982), ლენინგრადსა და მოსკოვში (1982), სანტიაგოში (1994), ნიუ-იორკში, ფარაჯანოვის მუზეუმში (ერევანი, 1993), გალერეაში ”ნევსაკი პეტერბურგი”, ”ბონინო გალერეაში” (ნიუ-იორკი, 1994). მისი ნამუშევრები დაცულია ბახრუშინის თეატრალურ მუზეუმში (მოსკოვი), რუსულ მუზეუმში (პეტერბურგი), სურათების ეროვნულ გალერეაში, აშშ-ის, ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის კერძო კოლექციებში. საქართველოს დამსახურებული მხატვარია 1981 წლიდან, სსრკ კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა 1979 წელს. მიღებული აქვს თეატრალური საზოგადოების პრემია წლის საუკეთესო თეატრალურ-დეკორატიული ნამუშევრისათვის 1973 წელს, საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის (1981). საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია 1968 წლიდან.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 2001 წელს.
Subscribe to:
Posts (Atom)