ალექსი-მესხიშვილი გიორგი (გოგი) ვლადიმერის ძე _ ფერმწერი, სცენოგრაფი. დაიბადა 1941 წლის 2 მარტს. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განყოფილების თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების სახელოსნო. 1971-95 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში ჯერ დამდგმელ მხატვრად, 1975 წლიდან _ მთავარ მხატვრად. 1986-95 წლებში საოპერო თეატრის მთავარი მხატვარი იყო. ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეჟისორ რ. სტურუასთან თანამშრომლობა. მათი ერთობლივი ნამუშევარია რუსთაველის თეატრში სუმბათაშვილის ”ღალატი” (1974), ბრეხტის ”კავკასიური ცარცის წრე” (1975) და ”სეჩუანელი კეთილი ადამიანი” (1993), კ. გოცის ”ქალი-გველი” (1998) და სხვა. საოპერო თეატრში _ გ. ყანჩელის ”და არს მუსიკა” (1984), ბიზეს ”კარმენი” (1999). რეჟისორ მ. თუმანიშვილთან ერთად დადგა მოლიერის ”დონ ჟუანი” (1981), შექსპირის ”ზაფხულის ღამის სიზმარი” (1993).
თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის ოპერაში (ჩიკამაცუს ”შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”, 1981). გააფორმა ფილმები ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” (1985); ”აშიკ-ქერიბი” (1988, ევროპის კინოს პრიზი ”ფელიქსი”). ალექსი-მესხიშვილი ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში. ეწევა პედაგოგიურ და შემოქმედებით მუშაობას. არის დარტმუთის კოლეჯის პროფესორი. ლონდონში 1992 წელს დადგა შექსპირის ”ჰამლეტი”, ვენეციაში 1998 წელს პუჩინის ”დაი ანჯელიკა” და რახმანინოვის ”ძუნწი რაინდი” (რეჟ. თ. ჩხეიძე). გერმანიაში _ გ. ყანჩელის ”და არს მუსიკა” 1999 წელს (რეჟ. რ. სტურუა), ვაშინგტონის შექსპირის თეატრში ”მეფე ლირი” 1999 წელს და ბუენოს აირესში ”ვენეციელი ვაჭარი” 1999 წელს (რეჟ. რ. სტურუა), ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ-ოპერაში პროკოფიევის ”მოთამაშე” 2000წ.
ალექსი-მესხიშვილის გამოფენები გაიმართა თბილისში (1982), ლენინგრადსა და მოსკოვში (1982), სანტიაგოში (1994), ნიუ-იორკში, ფარაჯანოვის მუზეუმში (ერევანი, 1993), გალერეაში ”ნევსაკი პეტერბურგი”, ”ბონინო გალერეაში” (ნიუ-იორკი, 1994). მისი ნამუშევრები დაცულია ბახრუშინის თეატრალურ მუზეუმში (მოსკოვი), რუსულ მუზეუმში (პეტერბურგი), სურათების ეროვნულ გალერეაში, აშშ-ის, ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის კერძო კოლექციებში. საქართველოს დამსახურებული მხატვარია 1981 წლიდან, სსრკ კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა 1979 წელს. მიღებული აქვს თეატრალური საზოგადოების პრემია წლის საუკეთესო თეატრალურ-დეკორატიული ნამუშევრისათვის 1973 წელს, საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის (1981). საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია 1968 წლიდან.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 2001 წელს.
No comments:
Post a Comment