Thursday, May 26, 2011

ვინსენტ ვან გოგი

















ვინსენტ ვილემ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) (დ. 30 მარტი. 1853, გროტ-ზიუნდერტი, ჰოლანდია — გ. 29 ივლისი. 1890, ოვერ-სიურუაზი, საფრანგეთი), ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.

1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ("გლეხის ქალი", 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები", ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX საუკუნის კრიტ. რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

1886 - 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა ("ხიდი სენაზე", 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).
1888 ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, ხატავდა ნატურიდან. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა - საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა, თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ("მკა. ლაკროს ველი", "მეთევზეთა ნავები სენტ-მარიში", ორივე 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა; იმავე დროს ვან გოგი ქმნის სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს ("ღამის კაფე", 1888, კერძო კოლექცია, ნიუ-იორკი). ფერის დინამიკა და გრძელი მონასმები ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არა მარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას ("წითელი ვენახები არლში", 1888, ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), არამედ უსულო საგნებიც ("ვან გოგის საწოლი ოთახი არლში", 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი).

80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889 - 90) და ოვერ-სიურ-უაზის (1890, სადაც თავი მოიკლა) საავადმყოფოში. ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილებას ("მრადისობის კარიბჭესთან", 1890, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო) და აღგზნებულ ვიზიონერულ იმპულსებს ("კიპარისებიანი და ვარსკვლავებიანი გზა", 1890, იქვე) ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება ("ოვერი წვიმის შემდეგ", 1890). სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და გარდამავალი პერიოდი. სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში (მ.შ. წერილებშიც), ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.


ნიკო ფიროსმანი

ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.

ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან - გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის.

ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ - გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში - მირზაანში - გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდია დაუდგენელია.


მეთევზე
ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად", "ხუთი თავადის ქეიფი", 1906, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე ("სვირი", საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან "პანორამულ" კომპოზიციებში ("ვირის ხიდი", "კახეთის ეპოსი", "ქეიფი რთველში"). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.

ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით", "გლეხკაცი ვაჟით", "წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი", "კალოობა" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს ("ბათუმი", "ფუნიკულორი" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის გორა ღამით", მოსკოვი, კერძო კოლექცია; "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა", "დათვი მთვარიან ღამით" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები ("გოგონა საჰაერო ბუშტით",მოსკოვი, კერძო კოლექცია; "მდიდარი კინტოს შვილი", "მეეზოვე", "ორი მუშა", "აქტრისა მარგარიტა", "ორთაჭალის ტურფები", "მუშა სოსო", "მებადური" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში "უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით" (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).


აქტრისა მარგარიტა
ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია "ირემი", "ჟირაფი", "თეთრი ღორი გოჭებით", "შავი ტახი", "თეთრი დათვი", "არწივს კურდღელი დაუჭერია" და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც ("რუსთაველი", "თამარ მეფე", "ერეკლე მეორე", "გიორგი სააკაძე" - არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; "შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად" და სხვა). ფიროსმანის ზოგი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით (დ. ერისთავის "სამშობლო", ვ. გუნიას "და-ძმა") არის შთაგონებული.
ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.

boris vallejo part8











მარველის კომიქსები


მარველის კომიქსები (ინგლ. Marvel Comics) ამერიკული კომიქსების წიგნია, რომელიც Marvel Publishing-ს ეკუთვნის, Marvel Entertainment-ის ფილიალია. Marvel-ის გმირებს შორისაა ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიც არიან კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს (მარველის მსოფლიო) უწოდებენ.
ამ კომიქსების წიგნის გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა. Marvel-ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel-ი სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთ–ერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC კომიქსებითან ერთად.


ქანდაკება


ქანდაკება, სკულპტურა (ლათ. sculptura, sculpo — გამოჭრა, ვთლი) — სახვითი ხელოვნების პლასტიკა — გამოსახულება, რომლის შექმნასაც აქვს მოცულობითი ფორმა და სრულდება მაგარი ან პლასტიკური მასალებისგან.
სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი, ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სიმბოლური, ალეგორიული გამოსახულება, ცხოველების გამოსახულება. სკულპტურების სამხატვრო  გამოხატულებაა მოცულობითი ფორმის შექმნა, პლასტიკური მოდელირება (გამოქანდაკება), სილუეტის შექმნა, ფაქტურის, ზოგიერთ შემთხვევაში ფერისაც კი.
განასხვავებენ მომრგვალო სკულპტურასა (სტატუა, ჯგუფები, სტატუეტი, ბიუსტი, შეიძლება შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან) და რელიეფურს (როცა გამოსახულება მდებარეობს სიბრტყეზე). მონუმენტური სკულპტურა, ძეგლები, მონუმენტები ურთიერთობაშია არქიტექტურულ მხარესთან.
სკულპტურების შემადგენლობა შეიძლება იყოს ლითონი, ქვა, თიხა, ხე, გიფსი და სხვა. მისი დამუშავების მეთოდებია გამოქანდაკება, გამოძერწვა, ამოჩხაპნა, გამოჭრა, გამოთლა და სხვა.

ფოტონადირობა

სიტყვა "ფოტოგრაფია" მომდინარეობს ბერძნულიდან φώς (ფოს) "სინათლე" + γραφίς (გრაფის) "სტილუსი", "ფუნჯი" ან γραφή (გრაფე) "გამოსახვა ხაზების მეშვეობით" ან "ხაზვა", რაც ერთად ნიშნავს "სინათლის ხაზვას." ტრადიციულად, ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ, შემოკლებით კი, ფოტოებს.


ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φωτο და γραφία), მგრძნობიარე მასალაზე, როგორიცაა ფირი ან ელექტრონული სენსორი, მყარი ან მოძრავი სურათების შექმნის პროცესი და ხელოვნება. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში. კინოფილმისთვის ფოტოგრაფიული გამოსახულებების ჩაწერისას განათებისა და კამერის შერჩევის ტექნიკა კინემატოგრაფიის დისციპლინაა.
სიტყვა "ფოტოგრაფია" მომდინარეობს ბერძნულიდან φώς (ფოს) "სინათლე" + γραφίς (გრაფის) "სტილუსი", "ფუნჯი" ან γραφή (გრაფე) "გამოსახვა ხაზების მეშვეობით" ან "ხაზვა", რაც ერთად ნიშნავს "სინათლის ხაზვას." ტრადიციულად, ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ, შემოკლებით კი, ფოტოებს.