Wednesday, May 25, 2011

ბრინჯაოს მხედარი

ბრინჯაოს მხედარი (რუს.: Медный всадник) — ცხენზე ამხედრებული პეტრე დიდის ქანდაკება სანქტ-პეტერბურგში შექმნილი ეტიენ მორის ფალკონეს მიერ 1768-70 წლებში. ამავე სახელწოდების ალექსანდრე პუშკინის პოემა, რომელიც მან ამ ქანდაკებას მიუძღვნა 1833 წელს, საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ქანდაკებას ეს სახელი პოემის დიდი პოპულარობის გამო შერჩა. ამჟამად იგი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი სიმბოლოა, ისევე როგორც თავისუფლების ქანდაკებაა ნიუ-იორკისთვის. ქანდაკების კვარცხლბეკი უზარმაზარი თლილი ლოდია, რომელიც ადამიანთა მიერ დაძრულ ყველაზე დიდ ქვად ითვლება.



მხედარი–პეტრე დიდის ქანდაკება, დეკაბრისტთა მოედანზე (ყოფილი სენატის მოედანი) მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. ეკატერინე დიდმა, გერმანელმა პრინცესამ, რომელიც რომანოვების სამეფო ოჯახის წევრი გახდა, მოიწადინა მისი სახელი პეტრე დიდისთვის დაეკავშირებინა ხალხის თვალში გავლენის მოსაპოვებლად.[1] ქანდაკების აღმართვა მისი ბრძანებით დაიწყეს და კვარცხლბეკზე დაიტანეს წარწერა ლათინურად Petro Primo Catharina Secunda MDCCLXXXII, რაც ნიშნავს "ეკატერინე მეორე პეტრე პირველს, 1782", რაც პირდაპირ მიანიშნებს ეკატერინეს დამოკიდებულებას მის წინამორბედთან და მის ადგილთან დიდ რუს მმართველთა შორის. ეკატერინეს, რომელიც ტახტზე სასახლის გადატრიალებით ავიდა, მასზე ლეგალური უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, ის ძალისხმევას არ იშურებდა პეტრეს ნამდვილ მემკვიდრედ წარმოეჩინა თავი.
ფრანგი მოქანდაკე ეტიენ მორის ფალკონე ეკატერინე დიდს მიმოწერაში დენი დიდრომ ურჩია. იმპერატრიცა მის რჩევას დაჰყვა და ფალკონე რუსეთში 1766 წელს ჩამოვიდა.[2]
1775 წელს ქანდაკების ჩამოსხმა დაიწყეს მჭედელი ემელიან ხაილოვის ხელმძღვანელობით. ჩამოსხმისას ყალიბი გასკდა და მდნარი ბრინჯაოს გადმოსხმამ ხანძარი გამოიწვია. მუშებმა გაქცევით უშველეს თავს ხაილოვის გარდა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ მოახერხა გამსკდარი ყალიბის შეკეთება, თუმცა ქანდაკება ხელმეორედ გახდა ჩამოსასხმელი.[2] ქანდაკების (კვარცლბეკის, მხედრისა და ცხენის ჩათვლით) გაკეთებას 12 წელი დასჭირდა.
ცარის(მეფის) სახე იმჟამად 18 წლის მარი-ან კოლოს ნამუშევარია. ის ფალკონეს 1766 წელს ჩამოჰყვა, როგორც შეგირდი. ფალკონესა და ჟან-ბატისტ ლემონის მოწაფეს, დიდრო "Mademoiselle Victoire"-ს უწოდებდა. პეტრე დიდის სახე მან მისი გარდაცვალების ნიღბისა და სანქტ-პეტერბურგში მისი მრავალრიცხოვანი პორტრეტების მეშვეობით შექმნა.
1782 წლის 9 აგვისტოს, კვარცხლბეკის გათხრების დაწყებიდან 14 წელიწადში, დასრულებული ქანდაკება წარუდგინეს მოედანზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს. გახსნას არ ესწრებოდა თავად ფალკონე, რომელსაც იმპერატრიცასთან კონფლიქტში გადაზრდილი უთანხმოების გამო რუსეთის დატოვება მოუხდა პროექტის დასრულებამდე ოთხი წლით ადრე. ეკატერინეს იგი მალევე დაავიწყდა და ბრინჯაოს მხედარს უფრო საკუთარ ნამუშევრად აღიქვამდა.
პეტრე დიდის ქანდაკება ჰეროიკულად ამხედრებულია ცხენზე, მისი წინ გაწვდილი ხელი მიმართულია მდინარე ნევასკენ დასავლეთით. მოქანდაკის გადაწყვეტით ცხენი მაქსიმალურად მიახლოებულია ციცაბო კლდის ნაპირს. ცხენი ფეხით სრესს გველს, რომელიც ღალატს განასახიერებს, პეტრე დიდისა და მისი რეფორმების მოწინააღმდეგეთა ბოროტებას.[3] მონუმენტის სიმაღლე 13 მეტრია, თავად ქანდაკება 6 მეტრია, ხოლო კვარცხლბეკი 7 მ.


კვარცხლბეკისთვის, უზარმაზარი ლოდი, მეტსახელად "ქვა-ჭექა" (რუს, Камень-Гром) მოძებნეს ლახტასთან, 6 კმ-ში ფინეთის ყურის ნაპირიდან ხმელეთზე.[5] ლოდის სახელი ადგილობრივი ლეგენდიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვით იგი ელვამ გახლიჩა. ფალკონეს სურდა მასზე ადგილზე ემუშავა, თუმცა ეკატერინემ მოითხოვა იგი ქალაქში მოეტანათ დამუშავებამდე, როგორც რუსული საინჟინრო მიღწევების სიმბოლო. დაჭაობებულ ველში ნახევრად ჩაფლული ლოდის ტრანსპორტირებას ახალი მეთოდის მოფიქრება სჭირდებოდა. პროექტი ითავა ვინმე წარმოშობით იტალიელმა მარინ კარბურიმ, რომელიც იმხანად რუსეთის არმიაში მსახურობდა პოდპოლკოვნიკად.



"ბრინჯაოს ქანდაკება" ასევე ალ. პუშკინის 1833 წელს დაწერილი პოემის სათაურია. პოემა რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ქანდაკებას ეს სახელი პოემის პოპულარობის გამო დარჩა. პოემის მთავარი თემა სახელმწიფოსა და ჩვეულებრივი მოქალაქეების პრიორიტეტებს შორის კონფლიქტია.
პოემაში პუშკინი აღწერს ხელმოკლე ახალგაზრდა ევგენისა და მისი ოჯახის ბედს მდ. ნევის ადიდებით შექმნილი წყალდიდობისას. ევგენი წყევლის ქანდაკებას, განრიხსებულია რა პეტრე დიდზე ქალაქის ბუნების სტიქიებისგან დაუცველ ადგილას დაფუძნების გამო, რაც მისი ოჯახის უბედურების მიზეზი გახდა. ქანდაკება ცოცხლდება და მას ქალაქიდან სდევნის. ევგენი შემდეგ ქანდაკებას პატივისცემითა და მოწიწებით მოიხსენიებს.


No comments:

Post a Comment