Sunday, June 12, 2011

ალექსანდრე მელიკოვი

ბაჟბეუკ-მელიკოვი ალექსანდრე დაიბადა ქალაქ ,,ტიფლისში”, 1891 წელს მოსამსახურის ოჯახში. მას თავის ბავშვობაზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა, რადგანაც ის დაკავშირებული იყო ძალიან არასასიამოვნო მოგონებებთან მშობლების ურთიერთობაში.
მხატვრის მამამ მეორე ოჯახი გაიჩინა და დედა იძულებული იყო თავის ოთხ შვილთან ერთად წამოსულიყო სახლიდან.

ბაჟბეულ-მელიკოვები ძირძველი თბილისელები იყვნენ. ერთ-ერთი მათი წინაპარი ქალაქის თვითმმართველობის სათავეშიც იდგა. ადრეული ბავშვობიდანვე ხელოვნება ბაჟბეუკ-მელიკოვის მთავარ გატაცებად იქცა. იგი 1900 წელს კადეტთა კორპუსში მიაბარეს. სწავლის პერიოდში ბაჟბეუკ-მელიკოვი ესწრებოდა საღამოს მეცადინეობებს სამხატვრო სკოლაში. სამი წლის შემდეგ მან მიატოვა კადეტთა კორპუსი და ჩააბარა კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების ხელოვნების სასწავლებელში. აქ მას ასწავლიდნენ მხატვრები: შმერლინგი, ფოგელი, სკლიფასოვსკი და სხვები.
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1910 წელს ბაჟბეუკ-მელიკოვი მიდის მოსკოვში. აქ ერთი წელი სწავლობს მეშკოვის სტუდიაში, შემდეგ მიემგზავრება პეტერბურგში და აბარებს სამხატვრო აკადემიაში, სადაც მას თავისუფალ მსმენელად რიცხავენ, რადგანაც არ გააჩნია სრული საშუალო განათლება. ორი წლის შემდეგ, 1913 წელს ის ტოვებს აკადემიას არმიაში გაწვევის გამო.
1914-1918 წლებში მსოფლიო ომის დროს ოდესის პოლკში ყოფნისას, იგი იბრძოდა ავსტრიისა და რუმინეთის ფრონტებზე. ომში ყოფნის დროსაც მხატვარი ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობებს და როგორც კი საშუალება მიეცემოდა ჩანახატებს აკეთებდა. 1917 წლის ზაფხულში ბაჟბეუკ-მელიკოვი თბილისში ბრუნდება, სადაც მას 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია მოუსწრებს.

ბაჟბეუკ-მელიკოვი მეტად პირდაპირი იყო. სიმართლეს პირში მიახლიდა ადამიანს, რის გამოც რამდენჯერმე დიდი უსიამოვნებაც შეემთხვა. მხატვარი მეტად გულღია იყო, მაგრამ სიმორცხვე ხელს უშლიდა დაახლოებოდა ადამიანებს.
მეგობრების მიმართ მისი სიყვარული მეტად მხურვალე და უანგარო იყო.
მხატვარი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დიდი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა, რაშიდაც თვითონ იყო დამნაშავე, რადგანაც ძალიან უჭირდა თავის ნამუშევრებთან განშორება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მუზეუმს სურდა მისი ნახატები. ბაჟბეუკ-მელიკოვი იმიზეზებდა, რომ ისინი შემდეგი მუშაობისათვის სჭირდებოდა, სინამდვილეში ის არასოდეს იმეორებდა თავის ნამუშევრებს და არც ახლის შექმნისას იყენებდა. იგი მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდებოდა და სულ ახლის ძიებაში იყო.
ის ცხოვრობდა ერთ ოთახში მეუღლესათან და ორ ქალიშვილთან ერთად.
ეს ოთახი იყო მისთვის სახელოსნოც, საძინებელიც და სამზარეულოც, მაგრამ მძიმე მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობები არასდროს არ ასახულა მის შემოქმედებაზე.

მიუხედავად თავისი ნამუშვერების ასეთი დიდი სიყვარულისა, ბაჟბეუკ-მელიკოვი იყო ყველაზე მკაცრი მსაჯული თავისი თავის, რაზეც მოწმობს მის მიერ უამრავი ნახატის განადგურება. მათი ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, თუმცა მისი ქალიშვილის, ლავინიას გადმოცემით, ეს დაახლოებით ათასამდეა.
შემორჩენილია ორასზე ცოტა მეტი ნახატი. ბაჟბეუკ-მელიკოვი არ ინდობდა გამოფენილ სურათებსაც კი. 1935 წელს გამოფენილი 48 ნახატიდან 13 შემდეგ გაანადგურა. ადრეული ნამუშევრებიდან კი სულ ცოტაა შემორჩენილი. ვერაფერმა ვერ გატეხა მხატვრის სიყვარული ხელოვნებისადმი. ძალიან მძიმე ავადმყოფიც აგრძელებდა მუშაობას. სიცოცხლის უკანასკნელ წელს მან ხუთი ნამუშევარი შექმნა. მისი ბოლო ნახატი ,,ქურთული ცეკვა” სიკვილამდე 3 თვით ადრე დახატა.

ის აღმერთებდა საღებავებს და როდესაც ძვირფას საღებავებს ჩუქნიდნენ, მხატვარი ბრწყინავდა სიხარულით, მღეროდა, ათვალიერებდა მათ და სათუთად ინახავდა სკივრში, სადაც ასევე დაუმთავრეელი ნახატები ჰქონდა შენახული.
ალექსანდრე-ბაჟბეუკ მელიკოვი გარდაიცვალა 1966 წლის 20 ივლისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად. სიკვდილის წინ მას უთქვამს - ,,მე ბედნიერი კაცი ვარ, ვწევარ სუფთა ლოგინში ჩემი შვილებისა და სურათების გარემოცვაში”.
ბაჟბეუკი ხშირად დადიოდა ცირკში და ხატავდა მას იმიტომ, რომ მას მოსწონდა ზღაპრული, არარეალური ცხოვრება ყოველდღიური ყოფისაგან თავისუფალი.

No comments:

Post a Comment