Thursday, June 2, 2011

, სალვადორ დალის მუზეუმი



სალვადორ დალის მუზეუმი მდებარეობს კატალონიის ქალაქ ფიგერასში (ესპანურად, Figueras). მუზეუმი განთავსებულია ქალაქის ძველი თეატრის შენობაში, სადაც 14 წლის სალვადორ დალიმ პირველად გამოფინა თავისი ნამუშევრები. ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ძველი თეატრი დაიბომბა და დიდი ხნის განმავლობაში ნანგრევებში იდგა.
მუზეუმის შექმნის იდეა დაიბადა 1961 წელს, როდესაც ფიგერასის ახლადარჩეულმა მერმა მხატვარს თხოვა ქალაქისათვის ერთი სურათის ჩუქება, სალვადორ დალიმ ქალაქისათვის მუზეუმის ჩუქება გადაწყვიტა.

დალიმ გასაქანი მისცა თავის ავადმყოფურ ფანტაზიებს: თეატრი გადაკეთებულ იქნა დადაიზმის ტიპიურ აბსურდულ ტაძრად. სცენის ზევით აღიმართა გიგანტური გეოდეზიური გუმბათი. მაყურებელთა დარბაზი აიღეს და გაყვეს სექტორებად, სადაც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მხატვრის სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები, მათ შორის მაე უესტის საძინებელი ოთახი (ოთახი-სახე, სადაც შეგიძლია დატკბე სავარძლით, რომელიც იმეორებს ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური მსახიობის ტუჩებს). დარბაზებში გამოფენილია მხატვრის ცნობილი ნამუშევრები “ჰალუცინოგენური ტორეადორი”, “გალარინა”, “ატომური ლედა”, “სფერიული გალათეა”, “წვიმიანი კადილაკი”. დალიმ თვითონ მოხატა შესასვლელი ფოიე, გამოსახა საკუთარი თავი და გალა, რომლებიც ოქროს რეცხავენ ფიგერასში, ჭერზე კი ფეხებია ჩამოკიდებული. დალიმ სალონს “ქართა სასახლე” შეარქვა, ერთერთი პოემის სახელწოდების მიხედვით, სადაც მოთხრობილია ლეგენდა აღმოსავლეთის ქარზე, რომლის სიყვარული დასავლეთშია და რომელთანაც მიახლოებისას მიწაზე ცრემლები ცვივა. ლეგენდა ძალიან მოეწონა სალვადორ დალის და დარბაზს პოემის სახელი შეურჩია.

მუზეუმი გაიხსნა 1974 წლის სექტემბერში. იგი უფრო ბაზარს მოაგონებდა მნახველს, ვიდრე მუზეუმს, თუმცა მას შემდეგ მუზეუმი-თეატრი მაგნიტივით იზიდავს მნახველებს.
მუზეუმში განთავსებულია მხატვრის ნამუშევრების დიდი კოლექცია. ნახატების გარდა მუზეუმში ექპონირებულია ქანდაკებები, კოლაჟები, ოთახი მეი უესტის სახით და სხვა უჩვეულო ნამუშევრები.
თავდაპირველად მუზეუმი უდიდესი მისტიფიკატორის სიცოცხლეში დადგმულ ძეგლს და სახლს წარმოადგენდა, შემდგომ კი იგი მავზოლეუმად იქცა. მისი ანდერძით, თეატრ-მუზეუმში დამარხეს. მუზეუმში მოთავსებულია ურნა მხატვრის ფერფლით. მხატვარი ცხოვრობდა და გარდაიცვალა მის მიერ ერთხელ თქმული თეზისის მიხედვით” გენიოსის ყოველდღიური ცხოვრება, მისი სიზმარი და საჭმლის მონელება, მისი ექსტაზები, ავადმყოფობა, მისი სიცოცხლე და სიკვდილი ძირფესვიანად განსხვავდება კაცობრიობის დანარჩენი ნაწილისაგან”.

ბაგრატიონ მუხრან ბატონის სასახლე,



იქ, სადაც ახლა კავშირგაბმულობის სახლია, ბაგრატიონ მუხრან მუხრან ბატონის სამსართულიანი სახლი იდგა, რომელიც აიგო 1877 წელს არქ. ფონ-სკოიანის მიერ შედგენილი პროექტით. ამ სახლში იყო თბილისის შეკრებილობა (სობრანიე). 1921 წლის ზაფხულს მომხდარი ხანძრის შემდეგ ამ შენობიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა. თბილისის საქალაქო საბჭომ 1928 წელს ეს ადგილი კავშირგაბმულობის დაწესებულების შენობის ასაგებად გამოჰყო.
დაინგრა დამწვარი შენობის კედლები. მოსკოვში, არქიტექტორ კონსტანტინე სოლომონოვის მიერ შემუშავდა ხუთსართულიანი შენობის პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ (1930 წელს) დაიწყო მშენებლობა. მშენებლობა 1934 წელს დამთავრდა. შენობა აგებულია რკინა-ბეტონის კარკასებით, რომელიც შევსებულია აგურით და ტუფით.
შენობის გარე გაფორმება ვერ აკმაყოფილებდა რუსთაველის პროსპექტზე არსებული შენობისადმი წაყენებულ მოთხოვნილებას. ავტორმა არ გაითვალისწინა მის მიერ დაპროექტებული წმინდა პრაქტიკული შენობის საპასუხისმგებლო მდებარეობა, დაარღვია პროსპექტის წითელი ხაზი და მისი პერსპექტივის თანდათანობითი გახსნის მშვიდი მთლიანობა. იგი წარმოადგენდა კონსტრუქტივისტული არქიტექტურის ტიპურ ნიმუშს და ორი ათეული წლის განმავლობაში ამახინჯებდა მთავარი პროსპექტის ჰარმონიულ ხედს.
საქალაქო საბჭომ 1934 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით კავშირგაბმულობას წინადადება მისცა ჩაეტარებინა მისი მშრალი და უშინაარსო ფასადის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია თანამედროვე გემოვნებისა და მოთხოვნილების მიხედვით.

ამ საკითხის მოგვარება სხვადასხვა მიზეზების გამო გაჭიანურდა და მხოლოდ 1954 წლის 5 ნოემბერს დამთავრდა, ზეძირკვლის მოპირკეთება კი – 1955 წლის 25 აპრილს.
ფასადის რეკონსტრუქცია შესრულდა ცნობილი არქიტექტორის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ივანე ჩხენკელის პროექტით. სამუშაომ მოითხოვა ფასადის ახალი კაპიტალური კედლის აგება. რომელიც შეერთებული ძველი შენობის რკინა-ბეტონის კარკასთან. მართალია, ამან ოდნავ შეამცირა კიდეც ტროტუარის სიგანე, მაგრამ გაფორმების მხრივ რუსთაველის პროსპექტს შეემატა თვალსაჩინო, დასამახსოვრებელი ფასადი, რომელიც მოპირკეთებულია ეკლარის თეთრი ქვით და დაგვირგვინებულია ლამაზი კარნიზით, ანალოგიურად გაფორმდა გვერდის ფასადი ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან.

წყარო: გ. ბეჟანიშვილი, რუსთაველის პროსპექტი და მოედანი, თბილისი, 1967 წ.
გიორგი ხუციშვილი, ჩემო თბილის ქალაქი, თბილისი, 1980 წ.

ანრი რუსოს ნაივური შემოქმედება


ანრი რუსოს ნაივური შემოქმედება
ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო (ფრანგ. Henri Julien Félix Rousseau; 1844 — 1910) — ფრანგი ნაივური, პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტი მხატვარი. ასევე ცნობილია, როგორც Le Douanier (მებაჟე) მისი სამსახურის გამო. ცხოვრებაში დაცინვის საგანი, ის მოგვიანებით თვითნასწავლ გენიოსად აღიარეს უაღრესად მხატვრული ხარისხის ნამუშევრების გამო.

ანრი რუსო დაიბადა 1844 წელს პატარა ქალაქ ლავალში (მაიენის დეპარტამენტი), მუშის ოჯახში. ჯარში მსახურების შემდეგ სამუშაოდ საფრანგეთის საბაჟოზე მოეწყო. რუსო არ გამოირჩეოდა სამსახურეობრივი მოვალეობის პედანტური შესრულებით, მაგრამ კოლეგების ყურადღება დაიპყრო თავისი სიკეთით. მშვიდი, უშფოთველი სამსახური ჰქონდა და საკმაო დრო რჩებოდა ხელოვნებისათვის. იგი წერდა მუსიკას, უკრავდა ვიოლინოზე, თხზავდა პიესებს, რომლებითაც მხატვრის სიცოცხლეში არავინ დაინტერესებულა.

რუსო დილეტანტი მხატვარი იყო, არასოდეს მიუღია აკადემიური განათლება. მხატვრობას 40 წლის ასაკში მიჰყო ხელი, როდესაც თავი გაანება საბაჟოზე სამუშაოს. იგი ხატავდა სახლში, ქუჩაზე, ბოტანიკურ ბაღში, ლუვრშიც კი მიიღო ძველი მხატვრების კოპირების უფლება. მაგრამ გზა ოფიციალური გამოფენებისკენ მისთვის დახურული იყო. 1885 წელს რუსომ მონაწილეობა მიიღო “დამოუკიდებელ მხატვართა გამოფენაზე”, რომელიც ყველა მსურველისათვის იყო ღია და სადაც პირველად გააცნო თავისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას. 1897 წელს სალონში მან გამოფინა თავისი “მძინარე ბოშა ქალი”, რომელსაც ისეთი შეუკავებელი სიმხიარულით შეხვდნენ, რომ პოლიცია იძულებული გახდა ზოგი დარბაზიდან გაეყვანა. რუსოს სურდა სურათი საჩუქრად გადაეცა მშობლიურ ქალაქ ლავალისათვის, მაგრამ ქალაქელებმა, რომლებიც უფრო რთულ მხატვრობას იყვნენ ჩვეულნი, დასცინეს მის შემოქმედებას.

რუსო იგონებდა არამარტო საკუთარი სურათების სიუჟეტებს, არამედ მათი შექმნის მეთოდებს. მაგალითად, იგი ამბობდა, რომ ჯუნგლების მრავალრიცხოვანი სურათები შექმნა მექსიკაში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ. სინამდვილეში კი საფრანგეთი არასდროს დაუტოვებია და ჯუნგლი თვალით არ უნახავს. ცხოველებს ხატავდა საბავშვო ილუსტრირებული წიგნებიდან. მისი შთაგონების წყარო წიგნების ილუსტრაციები და პარიზის ბოტანიკური ბაღი იყო. მის ნამუშევრებში ასევე აისახა ისტორიები, რომლებიც მას მექსიკაში ექსპედიციაში ნამყოფი ფრანგი ჯარისკაცებისგან ჰქონდა გაგონილი. ეგზოტიკური სცენების გვერდით ასევე ხშირად მეორდება მის ნაწარმოებებში ქალაქისა და მისი გარეუბნების მცირე ზომის ტოპოგრაფიული გამოსახულებები.
რუსოს ახირებულობები გამოვლინდა არამარტო შემოქმედებაში, არამედ მეზობლებისა და ნაცნობების გარემოში. იგი ხელს თხოვს თავის შეყვარებულს, რომელიც უკვე 50 წელსაა გადაცილებული, ყიდულობს მისთვის ძვირფასეულობებს, ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი ნახატების ორიგინალურობა და დამამტკიცებელ ცნობებს ღებულობს აპოლინერისაგან და ვოლარისაგან, რომ მისი ნახატები არ არის უზნეობის შემცვლელი. წერს თავის ბიოგრაფიას, ცდილობს თავი დაიმკვიდროს როგორც მხატვარი.
სამუშაოდან განთავისუფლების შემდეგ, როდესაც ნახატები არ იძლეოდა არსებობის საშუალებას, მან ხატვის და მუსიკის გაკვეთილების მიცემა დაიწყო ბავშვებისთვის. მართავს საღამოებს სახლში, სადაც ჩნდებიან პოეტები და მხატვრები. ავანგარდისტი ფრანგი მხატვრები მაღალ შეფასებას აძლევდნენ მის კოლორიტულ შემოქმედებას და ორიგინალურ სიუჟეტებს. პაბლო პიკასო აღფრთოვანებული იყო მისი ნახატებით. აფასებდნენ მის მიერ სამყაროს უჩვეულო, ბავშვურ აღქმას, აკადემიურობის დოგმებისგან აბსოლუტურად თავისუფალს. ჟან კოქტო წერდა: “აქ ეხები პოეზიას, დაწერილს საღებავებით”.

რუსოს ნამუშევრები წარმოადგენს ნამდვილ პრიმიტიულ ხელოვნებას. თუ ადრეულ პერიოდში მისი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ხალხური სურათები, წიგნების ილუსტრაციები, მათი მარტივი და ნათელი ფერებით და დეტალების სიმრავლით, თანდათანობით რუსომ სრულყოფილი გახადა საკუთარი ორიგინალური მხატვრული მეთოდი; სურათის მონუმენტალურობამ და ფერწერის ტექნიკის ფლობამ იგი შორს გაიყვანა პრიმიტივიზმის საზღვრებს გარეთ. მისი ფანტასტიური, ნაივური და უშუალო პეიზაჟები (“გასეირნება ტყეში”, 1886), პარიზის და მისი გარეუბნების ხედები, ჟანრობრივი სცენები, პორტრეტები გამოირჩევიან პირობითობით და დეტალების სიზუსტით, ნათელი და მკვეთრი კოლორიტით.

რუსოს შემოქმედებამ იმპულსი მისცა პრიმიტივიზმის როგორც ესთეტიური ფასეულობის აღიარებას, XX საუკუნის ბევრი პროფესიონალური მხატვრის მიერ მისი გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებას.
მხატვარმა ფეხი მოიტეხა და 1910 წლის 2 სექტემბერს პარიზის საავადმყოფო ნეკერში განგრენისგან გარდაიცვალა.

ამადეო მოდილიანი




ამედეო (იედიდია) მოდილიანი დაიბადა ებრაელ-სეფარდების ფლამინგო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში, ლივორნოში (ტოსკანა, იტალია). იგი ყველაზე უმცროსი შვილი იყო ოჯახში (მეოთხე). ამადეოს დაბადებამდე, ოჯახის საქმეები (შეშითა და ნახშირით) ვაჭრობა დაეცა; ამედეოს დედას, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან უწევდა ცხოვრებისათვის ფულის მოპოვება ფრანგული ენის სწავლითა და თარგმანებით, მათ შორის გაბრიელე დ ’ანუციოს ნაწარნოების თარგმნით. რადგანაც ევგენია წარმოშობით იყო მარსელიდან, მოდილიანიმ ფრანგული ენის შესაწავლა დაიწყო ადრეულ ბავშვობაში, რამაც შემდეგ გაუადვილა ინტეგრაცია პარიზში. ითვლება, რომ დედის რომანტიულმა ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედამისის დღიური, რომელსაც იგი აწარმოებდა ამადეოს დაბადების შემდეგ, არის ერთერთი დამადასტურებელი წყარო მხატვარის ცხოვრებისა.
11 წლის ასაკში მოდილიანი დაავადდა პლევრიტით, ხოლო 1908 წელს - ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო. ეს გახდა უკუქცევადი წერტილი მის ცხოვრებაში. მისი დედის მონათხრობით, ციებ-ცხელებისას მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები, აგრეთვე აღმოაჩინა თავისი დანიშნულება-მხატვრის სახით. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა დართეს ამადეოს ნება მიეტოვებინა სკოლა რათა შეესწავლა ხატვისა და და ფერწერის გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში.