XVIII საუკუნის მანძილზე ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა ინსტრუმენტულ მუსიკაში ახალი ჟანრებისა და ფორმების ჩამოყალიბის პროცესი. ამ პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო და მწვერვალს მიაღწია სწორედ "ვენის კლასიკურ სკოლაში" სამი ზემოთხსენებული მუსიკოსის შემოქმედბაში.
ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორებმა გააერთიანეს მრავალი მანამდელი ჟანრი, ფოლკლორული მუსიკიდან მოყოლებული ბაროკოს პოლიფონიამდე; გაერთიანდა მრავალი გერმანული, იტალიური და ფრანგული მუსიკალური სტილი და მიმდინარეობა; იხვეწება მრავალი ჟანრი. ყალიბდება სონატური-სიმფონიური ფორმა — სამ-ოთხ ნაწილიანი ფორმა, რომელიც თითქმის ყველა ხელოვნების დარგში გამოიყენება. პირველი ნაწილი არის სონატური ფორმის, მას ხშირად სონატურ ალეგროს უწოდებენ. ის კონტრასტულობის პრინციპს ეფუძნება, ეს გამოიხატება არა ნაწილებს შორის, არამედ თავად ნაწილებშიც. ციკლის მეორე ნაწილი ნელია. ის ან არის ვარიაციული ფორმის, ან რთული სამნაწილიანი კონტრასტული შუა ნაწილით. მესამე არის "მენუეტი". ის ყველაზე ახლოსაა ყოფაში გავრცელებულ მუსიკალურ ჟანრებთან. მენუეტი, როგორც წესი, იწერება რთული სამნაწილიანი ფორმით, რომლის შუა ნაწილია ტრიო. ტრიოს ბოლოში არის ნიშანი D. C.- da capo, რაც პირველი ნაწილის უცვლელი სახით გამეორებას ნიშნავს. მეოთხე ნაწილი, ფინალი, აჯამებს მთელ სონატურ-სიმფონიურ ციკლს. ფინალი, როგორც წესი, ჩქარ ტემპში იწერება, ფორმა კი განსხვავებულია. ხშირად ესაა რონდო, სადაც მუდამ ბრუნდება მთავარი თემა — რეფრენი, მას ენაცვლება განსხვავებული ეპიზოდები. ზოგჯერ ფინალი სონატური ფორმით იწერება, ზოგჯერ კი რონდო-სონატურით, რომელშიც შერწყმულია რონდის და სონატური ფორმის ნიშნები.
ი. ს. ბახის შვილის კარლ ფილიპ ემანუელ ბახის შემოქმედებამ, დიდი როლი ითამაშა ჰაიდნის შემოქმედებრივი ცხოვრების განვითარებაზე. მოცარტი თავის მრავალრიცხოვან მოგზაურობებში ეცნობოდა მნიშვნელოვან ადამიანებს, ი.ს. ბახს, რომელმაც მოცარტს იტალიური ოპერა და მანჰაიმის სკოლა გააცნო. აგრეთვე იგი იცნობდა ჰენდელისა და ი.ს. ბახის შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს. მოგვიანებით მოცარტის და ჰაიდნის შემოქმედებას ეცნობა ბეთჰოვენი, რაც დიდ გავლენას ახდენს მასზე.
No comments:
Post a Comment